ახალი ამბები
"პატიმრობის კოდექსში" ცვლილებებს დღეს განიხილავენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ”პატიმრობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს განიხილავს.
ცვლილებების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს უფლებამოსილება ენიჭება, მსჯავრდებულს, წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს.

ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება მხოლოდ სასამართლოს ექნება, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისგან იმ მსჯავრდებულს გაათავისუფლებს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი.

პროექტის თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება, უფლება ეძლევა აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით ისარგებლოს. აღნიშნული პატიმრობის ვადა 60 დღე-ღამემდე მცირდება. აგრეთვე დისციპლინარული პატიმრობა არ გამოიყენება იმ ქალ მსჯავრდებულებზე, რომლებიც ორსულად ან ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში არიან და ჰყავთ 3 წლამდე ბავშვი, ასევე 65 წელს გადაცილებულ მსჯავრდებულზე.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რასაც საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს, არის ის, რომ იქმნება გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა გათავისუფლების ვადა 6 თვეს არ აღემატება. მათ შესაძლებლობა ექნებათ კვირაში 3 დღის ვადით დატოვონ ეს დაწესებულება, რათა მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია უმტკივნეულოდ მოხდეს.

Print