პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ოფიციალური ვიზიტით არტაანს ესტუმრა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, არტაანის გუბერნატორის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით მეზობელი თურქეთის მოსაზღვრე რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი სამცხე-ჯავახეთსა და არტაანის გუბერნიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ერთობლივ ტრანსსასაზღვრო პროექტებზე მსჯელობა იყო. არტაანის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან იბრაჰიმ ოზეფესთან გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა სასაზღვრო რეგიონებს შორის აქტიური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მხრივ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, მისი მოადგილე ანზორ სვანიძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე. შეხვედრებს ესწრებოდნენ ტარპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე და მისი მოადგილე გიორგი ყუშიტაშვილი. არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმზე მხარეები მეზობელ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ. ქართველ სტუმრებს სპეციალურად მომზადებული სლაიდების საშუალებით არტაანის რეგიონის ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ცენტრებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არტაანში მშენებარე სამთო-სათხილამურო ცენტრზე, სადაც ამ დროისთვის დასრულებულია ცენტრის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ ეტაპზე საბაგირო გზების მშენებლობა მიმდინარეობს. მათი თქმით, იმედია ცენტრი მომავალში, არა მარტო სათხილამურო, არამედ სამთო კურორტის მნიშვნელობასაც შეიძენს. აქ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი, მცენარეთა ნაირფეროვნება და ულამაზესი ხედები სამთო-სათხილამურო კურორტის განსავითარებლად ყველა საჭირო პირობას ქმნის. თავის მხრივ, მასპინძლებს ქართულმა მხარემაც საქართველოში და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმისა და სამთო კურორტების განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოცდილება გააცნეს. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა სამთო-სათხილამურო კურორტების - ბაკურიანის, გოდერძის, გუდაურისა და თეთნულდის განვითარების, აქ დანერგილი სერვისების და სამომავლოდ ამ სფეროში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, ამ მხრივ არტაანსაც უდიდესი პოტენციალი აქვს და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანში მას სამთო და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი მიღწევები ექნება. თურქული მხარის თხოვნით საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარების, საჭირო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი მომავალში ერთობლივი ტრანსსასაზღვრო პროექტის განსახორციელებლად. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა არტაანის მხარესთან აქტიურად თანამშრომლობისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს. გაიმართა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა და ტექნიკური საკითხების განხილვა. ტექნიკური ჯგუფი ორი რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად ამოქმედებისა და ერთობლივი ტრანსსასაზღვრო პროექტის განხორციელების მიზნით იმუშავებს. ვიზიტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთიდან მიწვეულ სტუმრებს არტაანის უნივერსიტეტშიც უმასპინძლეს და იქ არსებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო რესურსები და პროგრამები გააცნეს. ტრადიციულად საპასუხო ვიზიტით არტაანიის მხარის დელეგაცია სამცხე-ჯავახეთს ზაფხულში ეწვევა.
Print