ინტერაქტიული მულტიმედია
ძვირადღირებული გათბობა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში, ბლიაძეების 6 სულიანი ოჯახი ზამთრისთვის ემზადება. ამბობენ, რომ სიცივესთან გამკლავება უჭირთ.




სოციალურად დაუცველი ოჯახი ზამთარში, შეშის ღუმელით თბება და საკმარისი მერქნის შესაძენად ფინანსები არ აქვს. გარდა ამისა, სახლი არათბოიზოლირებულია, რაც მათი გათბობის პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. სამი შვილის დედის - ანანო ყიფშიძის თქმით, ისე წვიმს და ცივა მათ სახლში, როგორც გარეთ.





ის, რომ მათი სახლი ყინულივით ცივია, ყველაზე კარგად გრძნობს ოჯახის უმცროსი წევრი. გათბობის პრობლემაზე უფროსებთან ერთად, 3 წლის მათეც წუხს.






ბლიაძეების ოჯახის მსგავსად, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად,  გათბობაზე ზრუნვა დაიწყეს ადგილობრივებმაც. მოსახლეობის ნაწილმა საშეშე მერქანი შეიძინა, ზოგმა კი წელიწადის ყველაზე ცივ სეზონთან გამკლავება გაზის გამათბობლებით გააგრძელა. 










ბო
რჯომის მუნიციპალიტეტში, ყოველწლიურად 15 000 კუბ მ საშეშე მერქანი გამოიყოფა მოსახლეობისათვის, ეს რიცხვი საჭიროების მიხედვით იცვლება. სს "საქორგგაზს" მუნიციპალიტეტში 13 518 აბონენტი ჰყავს, აქედან რამდენი ოჯახი თბება ბუნებრივი აირით რთული სათქმელია. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტები საშეშე მერქანსა და ბუნებრივ აირთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ. როგორც თავად, ზამთარში გათბობა ძვირი უჯდებათ.



ბორჯომში "საქორგგაზის" ტარიფი მოსახლეობისთვის შეადგენს 57,01 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო კომერციული აბონენტებისთვის - 86 თეთრს დღგ-ს ჩათვლით. რაც შეეხება ტარიფის ცვლილებას, კომპანიაში წერილობით გვიპასუხეს, რომ ეს საკითხი მათი კომპეტენცია არ არის და ღირებულებას მარეგულირებელი კომისია ადგენს.

სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი გვითხრეს რომ გაზის გადასახადის მომატებაზე ან შემცირებაზე არაფერია დაგეგმილი და წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია. ქეთი ბერიკაშვილის თქმით, მომავალი წლის ტარიფს მარეგულირებელი კომისია, 2018 წლის 31 დეკემბრამდე განსაზღვრავს, რისთვისაც კომპანია ყოველწლიურად წარუდგენს საჭირო დოკუმენტაციას სემეკს. მარეგულირებელ კომისიაში ასევე განგვიცხადეს, რომ საჯარო სხდომაზე დასწრება და მოსაზრების გამოთქმის საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია კი ერთი კვირით ადრე დაანონსდება.

რაც შეეხება ეროვნულ სატყეო სააგენტოს, უწყებაში გვითხრეს, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ტყის ფონდიდან, რომელიც 45 000 ჰექტარს შეადგენს, ყოველწლიურად საშეშე მერქანი გამოიყოფა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისთვის და ასევე ახალქალაქში მოსახლეობის ნაწილზე(გამომდინარე იქიდან, რომ ახალქალაქს არ აქვს შესაბამისი ტყის რესურსი).

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე კობა სილაგაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მოსახლეობის 95% საშეშე მერქნით უზრუნველყოფილია და უგზოობას დღემდე პრობლემა არ შეუქმნია. მისივე თქმით, ადგილობრივებს პრობლემების შესახებ მათთვის არ მიუმართავთ.



უფროსი მეტყევე ამბობს, რომ ყოველწლიურად, მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ თითოეულ ოჯახზე 15 კუბ მ საშეშე მერქანი გამოიყოფა, ბარში მცხოვრებლებისთვის კი 7 კუბ მ საშეშე მერქანია განსაზღვრული. ტყე-კაფების გამოყოფის შემდეგ თითოეული მათგანი კუთვნილი მერქნის ტყიდან გამოტანას მეტყევის დახმარებით უზრუნველყოფს.

კობა სილაგაძის თქმით, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები კვლავ ფიქსირდება, თუმცა მკაცრი კონტროლის გამო ეს შემთხვევები შემცირებულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირი რომელიც ტყეში მერქანს უკანონოდ მოიპოვებს, დაჯარიმდება.



რაც შეეხება არაგაზიფიცირებულ სოფლებს, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. ასეთი სოფლები დაცული ტერიტორიებიდან მარაგდებიან. ყოველწლიურად, ბორჯომ-ხარაგაულის ტერიტორიაზე შემავალი სოფლებისთვის გამოიყოფა 9240 კუბ მ საშეშე მერქანი (მეორადი ხარისხის მერქანი) და 630 კუბ მეტრამდე სამასალე მერქანი (პირველადი ხარისხის მერქანი).

ხე-ტყის ჭრა დასაშვებია ტრადიციული გამოყენების ზონიდან, თითოეულ ოჯახზე გამოიყოფა 7 კუბ მ საშეშე მერქანი. დაწესებულია სიმბოლური გადასახადი: წიწვოვანი ჯიშზე 5ლ, ფოთლოვანი ჯიშის საშეშე მერქანზე კი 6ლ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას მოქალაქეები ძირითადად იმ ბილეთის მისაღებად მიმართავენ, რომელიც მერქნის მოსაპოვებლად სჭირდებათ, თუმცა ადმინისტრაციის დირექტორის თქმით, მოსახლეობას გარკვეული თხოვნებითაც მიუმართავს მათი სამსახურისთვის. ძირითად შემთხვევაში ისინი ტყე-კაფების გამოყოფას დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ხელსაყრელ ადგილას ითხოვენ.

რაც შეეხება ხე-ტყის უკანონო ჭრას, ლევან საბანიძის თქით, მსგავსი შემთხვევები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე საგრძნობლად არის შემცირებული.



რაც შეეხება ტყის ახალ კოდექსს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, საქართველოს სატყეო მეურნეობა ევროპულ მიდგომებზე გადაჰყავს. ასევე, ახალ კოდექსს შემოაქვს ტყის აბსოლუტურად განსხვავებული, სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის დეფინიციასთან მიახლოებული განმარტებაც, რომლის მიხედვითაც ტყე გეოგრაფიული და ბიოლოგიური მაჩვენებლებით განისაზღვრება. კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ ახალი აკრძალვები და რეგულაციების ამოქმედება იგეგმება, საუბარი იყო „სოციალური ჭრის“ გაუქმების შესახებ.

როგორი ფორმით დამტკიცდება ტყის ახალი კოდექსი და რა რეგულაციები გავრცელდება ტყითსარგებლობაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი ადგილობრივ მოსახლეობას იგივე რეალობასთან შეგუება და გასათბობად დიდი თანხების გაღება მოუწევთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.