"განათლების მეორე შანსი" მათთვის ვინც სასკოლო განათლება ვერ მიიღო
იმ ბავშვებს და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, რომლებმაც სასკოლო განათლება ვერ მიიღეს სკოლაში დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პროგრამის "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა" პრეზენტაცია გამართა. ჯეჯელავას თქმით, პროგრამის მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს, მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება.

"დღეს, ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ. ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება - მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, ყველა მოქალაქეს შეუძლია სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს და აცნობოს ისეთი ბავშვების შესახებ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო სკოლებში ვერ დადიან.
ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური პროგრამები შეიქმნება და ისინი კლასში უმცროს კლასელებთან ერთად არ დასხდებიან.


Print