ახალი ამბები
2016 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა
წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1, 6 მილიარდ (1,645 მლნ.) აშშ დოლარზე მეტი შეადგინა ,რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ მონაცემებს, ხოლო 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. "გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დარგობრივ ჭრილში შემდეგნაირად გადანაწილდა: ყველაზე მეტი, 645 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39%-ია. მეორე ადგილზე ენერგეტიკის სექტორია 203 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12%), ხოლო მესამეზე - მშენებლობა 163 მლნ. აშშ დოლარით (10%). იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც 2016 წელს საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა, აზერბაიჯანი ლიდერობს 578 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანის ინვესტიციების 35%). ასევე აღსანიშნავია 199 მლნ. აშშ დოლარით გაზრდილი ინვესტიციები თურქეთიდან, რაც 272 მლნ. აშშ დოლარია. მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც 121 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ნიდერლანდები და ჩეხეთი იკავებს 95 მლნ. და 93 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციებით.წინსვლას ბიზნესის კეთებისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით ადასტურებს საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მომავალ საინვესტიციო მიმზიდველობას. მსოფლიო ბანკის „Doing Business 2017“ წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით 7 ადგილით გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ასევე ათი ადგილით არის გაუმჯობესებული საქართველოს პოზიცია Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2017-ის რეიტინგებში, სადაც მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.
Print