ახალი ამბები
დღეს პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში აეროპორტს გახსნის

ახალი აეროპორტი 16:00 საათზე პირველ თვითმფრინავს მიიღებს, რომლის მგზავრი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.


ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც.
ამბროლაურის აეროპორტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო მისაწვდომობას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის კომპონენტის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მთავრობა, ამ მიმართულებით, მუშაობას განაგრძობს.

 

Print