ახალი ამბები
სპორტული აქტივობები დაშავებული სამხედროებისთვის
ბორჯომში, სოფელ ჩითახევში, მდინარე მტკვრის ნაპირზე საერთაშორისო მისიებსა და სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯარისკაცები ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ განხორციელდა. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო მშვილდოსნობა, ჯომარდობა, ზიპლაინი, ფეინტბოლი და თევზაობა.
შეჯიბრებაზე დასასწრებად ბორჯომის ხეობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე ჩავიდა და დაშავებულ სამხედროებს ჯომარდობის ტურნირში გულშემატკივრობდა.
პროექტის მიზანი საზოგადოებაში დაშავებული სამხედროების სრულფასოვანი ინტეგრაცია, სპორტულ–კულტურულ აქტივობებში ჩართვა და ამ გზით მათთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლება, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის, გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაციის გზით საზოგადოებისთვის მაგალითის მიცემა იყო.
პროექტი „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელდა, რომლესაც პარტნიორობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გაუწიეს.
Print