ახალი ამბები
ე.წ. აგენტების კანონს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს, 16 აპრილს, განიხილავს.

სამშაბათის სხდომა ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, რის შემდეგაც პარლამენტის წევრები კანონპროექტებზე იმსჯელებენ.

15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტებს.


პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:


კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;

მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;

მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.




პროცედურის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს დღეს, 16 აპრილსაც, უკრძალავს
საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას.


შეზღუდვის დასაწესებლად შალვა პაპუაშვილს ცალკე სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, ის ხელმძღვანელობს 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანებით, რომლითაც ჟურნალისტებს მუშაობის წესს უდგენს.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print