გარემოს დაცვა
წყალდიდობების მართვის თანამედროვე მეთოდები საქართველოში
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", პროგრამის "წყალდიდობების მართვის თანამედროვე მეთოდები საქართველოში" ხუთწლიანი შედეგები შეაჯამეს, რომელიც მიზნად ისახავს წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას საქართველოში. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა მიმართეს.

წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკების მართვის ხელშეწყობის ინიციატივა 2012 – 2016 წლებში ადაპტაციის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
პროგრამის განხორციელებამ ხელი შეუწყო წყალდიდობისადმი მედეგობის გაზრდას მდინარე რიონის აუზში, რომელიც ამ მხრივ ერთერთი ყველაზე მაღალი რისკის ზონაა საქართველოში. ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა ექვსს მუნიციპალიტეტში - სამტრედიაში, წყალტუბოში, ონში, ცაგერში, ლენტეხსა და ამბროლაურში. მაღალი რისკის შემცველ ათ მონაკვეთზე აიგო ნაპირდამცავი ნაგებობები.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print